თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ გააცნო.
კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქაიამ მიაწოდა.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა, კომისიის მიერ წარმოდგენილი ყველა რეკომენდაცია დედაქალაქის მერიის მიერ მთლიანადაა გათვალისწინებული.
მისი თქმით, ძირითადად იზრდება სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და მშენებლობის ქვეპროგრამა, სადაც გათვალისწინებულია 2 ახალი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის დაწყება, ასევე სამგორის რაიონში ჭიდაობის დარბაზის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბურთალოსა და ვაკის პარკში არსებული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის ტერიტორიაზე სპორტული ობიექტების ქონების გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტით დედაქალაქის საკრებულოს მიერ შეღავათიანი განაკვეთის დადგენა ხდება.
,,აღნიშნული დადგენილებით მოხდება სპორტული ობიექტების ზუსტი კლასიფიკატორები განსაზღვრა, რაც მომავალში მომართვიანობის ზრდას გამორიცხავს’’,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.