თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად ირაკლი გვილავას დანიშვნაზე იმსჯელეს.
საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ წარუდგინა, რის შემდეგაც ირაკლი გვილავას კანდიდატურაზე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ ისაუბრა. როგორც ბირკაძემ აღნიშნა, ირაკლი გვილავას ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ირაკლი გვილავას მერიის საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშვნაზე კომისიის წევრებმა ერთხმად მისცეს თანხმობა, რის შემდეგაც საკითხი თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.