თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
სხდომაზე თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში ლევან მიქავამ წარადგინა, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა და ამასთანავე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პრიორიტეტების შესრულების მაჩვენებლები დეტალურად წარმოადგინა.
წარმოდგენილი ანგარიშით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 1 201,097.6 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ კი 1 228,087.6 ათასი ლარი შეადგინა, რაც პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების ხარჯვის მიზნობრივი მაჩვენებელია.
დღესვე კომისიის სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს. ირაკლი გვილავამ სამსახურის მუშაობის თაობაზე ინფორმაცია დეტალურად წარმოადგინა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სპორტულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც სხვადასხვა ობიექტური მიზეზების, მათ შორის, პანდემიის გამო 2021 წელს ვერ დასრულდა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
წარმოდგენილი საკითხები კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს.