ქართულ-ებრაული სკოლის „ორ ავნერი“ და თბილისის 65-ე საჯარო სკოლის ინიციატივით ქართულ-ებრაული მეგობრობის ხეივანი გაიხსნა, რომელსაც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება ქართულ-ებრაული სკოლის დირექტორმა გიორგი მომცელიძემ გახსნა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თბილისის მერიას, გამწვანების სამსახურს, დედაქალაქის საკრებულოს და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს კახა ლაბუჩიძეს, ასევე ებრაული თემის წარმომადგენლებს და ქალბატონ ელჩს, რომელთა ინიციატივითა და ხელშეწყობით შედგა დღევანდელი დღე“, - აღნიშნა გიორგი მომცელიძემ.
გამომსვლელებმა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიულ და კულტურულ ასპექტებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ტრადიციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ როგორც ებრაულ, ისე ქართულ კულტურას. განათლებისა და კულტურის კომისია მხარდაჭერას უცხადებს ქართულ-ებრაულ სკოლას და ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ბოლოს მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქართულ-ებრაული მეგობრობის ხეივნის გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა.