თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი თამარ ტალიაშვილი დღეს თემქის 143-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
საკრებულოს წევრები, წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, მოსწავლეებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
,,დღეს ზღვისუბანში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ დაწყებული კამპანიის ფარგლებში, უკვე მეექვსე სკოლას ვესტუმრეთ. წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ და საკრებულოს წევრებმა ყველა ის მიმდინარე პროექტიც გავაცანით, რომელიც სპორტისა და კულტურის მიმართულებით დედაქალაქში ხორციელდება,“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის თქმით, მსგავს ღონისძიებებს სამაჟორიტარო ოლქი კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს.
,,ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ამ შეხვედრით დაინტერესდნენ და კმაყოფილნი არიან. დღეს ზღვისუბანში ნამდვილად სახალისო სპორტული აქტივობა გაიმართა, რასაც ასეთივე შესანიშნავი ფინალი ჰქონდა - ღონისძიება სიმბოლურად, წარმატებულ სპორტსმენებსა და მოსწავლეებთან ერთად, ფრენბურთის ამხანაგური მატჩით დასრულდა“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ცნობილმა კალათბურთელმა ანატოლი ბოისამ, ფრენბურთელებმა: გიორგი ივანიშვილმა, მარია ცარენკომ და იოსებ ლობჟანიძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
შეხვედრას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი დავით რურუა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.