თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და სამგორის (მესამე მასივის) რაიონის მაჟორიტარი გიორგი დოხტურიშვილი დღეს 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
საკრებულოს წევრები, წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან ერთად, მოსწავლეებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
,,კამპანიის ფარგლებში უკვე მე-5 სკოლაში შევხვდით მოსწავლეებს და დღეს ქართველ სპორტსმენებთან ერთად მათ სპორტით გატაცებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ. ასევე დედაქალაქში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც გავაცანით“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კამპანიის ფარგლებში კიდევ არაერთ საჯარო სკოლას ესტუმრებიან და საინტერესო შეხვედრები გაგრძელდება.
სამბოს მსოფლიო ჩემპიონმა ბექა ბერულავამ და წარმატებულმა მორაგბე ბექა ურჯუკაშვილმა კი ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
შეხვედრას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი დავით რურუა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.