თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქუთაისში „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის დელეგატთა რეგიონული შეხვედრა“ ოქტომბერში გაიმართება. აღნიშნული საკითხი დღეს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე განიხილეს. პროექტი საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ წარუდგინა. მან ფორუმის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. „სამუშაო შეხვედრის ჩატარება ოქტომბერში იგეგმება, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ დროს მიმდინარეობს 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი, შეხვედრის თემატიკაც ამ პროცესის გაუმჯობესება და გამჭვირვალობის ხელშეწყობაა“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ფორუმს დელეგატის სტატუსით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21-დან 29-წლამდე წევრები დაესწრებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმი მიმდინარე წლის თებერვალში დაფუძნდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებები პერმანენტულად იმართება.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს, მათ შორის, დედაქალაქში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, თემქაზე მშენებარე სპორტული აუზი 2 ოქტომბრამდე გაიხსნება. გიორგი ჩაკვეტაძემ კომისიის წევრებს „თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.