თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს წევრები ლევან ჯაფარიძე და დავით ჭელიძე, თბილისში, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, ტურინის „იუვენტუსის“ საზაფხულო კემპის გახსნას დაესწრნენ. საზაფხულო კემპს თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა უმასპინძლებს. პროექტი ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ ინიციატივით განხორციელდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მერიის თანადაფინანსებით გაიხსნა. მასში 12-დან 16 წლამდე მოზარდები მონაწილეობენ, რომელთაც საერთაშორისო იტალიელი მწვრთნელები დააკვირდებიან, რაც შესაძლოა მათთვის დიდი წარმატების საშუალება გახდეს. მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტმა მსგავს პროექტებს ყოველთვის მხარი უნდა დაუჭიროს,“- აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
საკრებულოს წევრის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ საკრებულოსთან კომუნიკაციით, მსგავსი საერთაშორისო საფეხბურთო კემპის განხორციელება მომავალშიც შესაძლებელი იქნება.
სხვა დიდი კლუბების მსგავსად, ტურინის "იუვენტუსიც" მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამწყები და ჭაბუკი ფეხბურთელების სელექციას აწარმოებს - ძიების ერთ-ერთი ფორმა კი სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. წელს იტალიელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.
პროექტის ფარგლებში, 1 კვირის განმავლობაში, კემპის მონაწილე 100-მდე ბავშვის ორჯერად ვარჯიშს, ,,იუვენტუსის“ აკადემიის 3 იტალიელი მწვრთნელი უხელმძღვანელებს და მათ საწვრთნელ მეთოდიკას გააცნობს. საუკეთესო მონაცემების მქონე მოზარდები კი ტურინული გრანდის საწვრთნელ ბაზა "ვინოვოზე" ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან.