საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე მოხალისეობის ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
,,მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მოხალისეებისთვის ერთიან პლატფორმას ქმნის. 2015 წლის ივნისის წყალდიდობის მოვლენებმა მოხალისეთა ძალა გვაჩვენა. მიხარია, რომ დღეს ამ ფორუმს ვესწრები და მოხალისეებს და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს მუნიციპალიტეტის მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ“ - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გამოფენა-ფორუმში 40-მდე სამოქალაქო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ახალგაზრდობის გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, აგრეთვე შშმ პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებსა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს ემსახურებიან.
გამოფენა-ფორუმზე კონკრეტული პროგრამებიც წარმოადგინეს, სადაც მსურველებს დარეგისტრირება და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვის საშუალება ჰქონდათ. გამოფენაში მონაწილეობა თბილისის მერიის ,,ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებამაც’’ მიიღო.
ღონისძიება, რომლის მიზანი მოხალისეობის კულტურის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მძლავრი იარაღის პოპულარიზაციაა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ-ი”-სა და ,,სექტორი 3” -ის თანამშრომლობით გაიმართა.