თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე , "მადრიდის რეალის” საზაფხულო კემპის გახსნის ცერემონიას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, საზაფხულო სკოლაში 100-ზე მეტ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, „რეალის“ აკადემიის ორი ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ივარჯიშოს. ქართველი მოზარდები მადრიდელთა სათამაშო ფილოსოფიასა და საწვრთნელ მეთოდიკას გაეცნობიან.
“თბილისის საკრებულო და მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში და ქვეყანაში სპორტი განვითარდეს. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ამიტომ, ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. მინდა გითხრათ, რომ თბილისში, დიდ დიღომსა და ვარკეთილში მულტიფუნქციური სპორტული საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს“-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის საზაფხულო სკოლას თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზა მასპინძლობს.