თბილისის საკრებულომ ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის Eurodesk-ის ქსელის შეხვედრას და გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა. ღონისძიებას, რომელიც დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკ“-ის პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელები, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ უცხოელ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებული მუშაობა უსურვა. გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ახალგაზრდებისთვის დიდი შესაძლებლობაა ის, რომ თბილისი Eurodesk-ის წევრია.
„ჩვენთვის დიდი პატივია Eurodesk-ის ქსელის შეხვედრას და გენერალურ ასამბლეას თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში ვუმასპინძლოთ. ამ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დიდი შესაძლებლობაა ის, რომ თბილისი Eurodesk-ის წევრია. ეს ჩვენი ქალაქის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამების და პროექტების გარდა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, Eurodesk-ი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ საერთაშორისო სასწავლო მობილობაში სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ მუშაობა გაღრმავდება. 2023 საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და გვჯერა, რომ წლის ბოლომდე, გატარებული რეფორმების გათვალისწინებით, მოგვენიჭება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც. მთელ ამ პროცესში დღევანდელ დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
Eurodesk-ი არის ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელი, რომელიც აერთიანებს შესაძლებლობებს და რესურსებს ევროპის მასშტაბით სასწავლო მობილობის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით. Eurodesk-ის ქსელის შეხვედრისა და გენერალური ასამბლეის ფარგლებში განხილული იქნება სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საქართველოს და თბილისის როლის გაძლიერება; აგრეთვე ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება, ქართველი ახალგაზრდების და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა და სხვა.