ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკრებულოში მიღება გაიმართა. კრივსა და ძალოსნობაში წარმატებულ სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა უმასპინძლეს. შეხვედრის დასაწყისში საკრებულოს წევრებმა და სპორტსმენებმა ტყიბულის მაღაროში დაღუპულ მაღაროელთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
საკრებულოს წევრებმა წარმატებულ სპორტსმენებს, სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადეს, დედაქალაქში სპორტის მიმართულებით 2018 წლის პრიორიტეტები გააცნეს და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დღეს წარმატებულ სპორტსმენებს, ძალოსნებს და მოკრივეებს ვმასპინძლობთ. მიგვაჩნია, რომ ეს მინიმუმია, რაც თბილისის საკრებულომ და მერიამ სპორტის პოპულარიზაციის მიზნით შეგვიძლია გავაკეთოთ. წარმატებულ სპორტსმენებს გავაცანით ყველა ის პრიორიტეტი, რაც დედაქალაქში სპორტის ხელშესაწყობად არსებობს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, საკრებულოს წევრები დღეს შეხვდნენ სპორტსმენებს, რომლებმაც საქართველო კიდევ ერთხელ ასახელეს.
„მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ძალოსნების ნაკრებმა და კრივის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან წარმატებულად იასპარეზეს. დღეს პატივისცემის ნიშნად და მადლობის სათქმელად შევხვდით ამ ადამიანებს და სიმბოლური საჩუქრებიც გადავეცით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საქართველოს მოკრივეთა 22 წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მონაწილე სპორტსმენებმა ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი აიღეს, რაც ქართული კრივის ისტორიაში პირველად მოხდა. ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, მათ 10 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საკრებულოს წარმომადგენლების გარდა, მიღებას თბილისის მერიის და ეროვნული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.