თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით,ძიუდოს ეროვნული და თბილისის ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ,,ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების’’ მოსამზადებელი პროცესის გაცნობა იყო.
შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ამავე კომისიის წევრები, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, თბილისის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბერძენიშვილი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა მონაწილეობდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოს ძიუდოს ფედერაციასთან დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს. მან ქართველ ძიუდოისტებს მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობა და თანამშრომლობა სპორტულ ფედერაციებთან. საქართველოსთვის ძიუდო ტრადიციულად სპორტის წარმატებული სახეობაა. აღსანიშნავია ის ჯანსაღი გარემო, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებობს. წელს ოლიმპიური წელია და მუნიციპალიტეტი, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტული ფედერაციებს ყველანაირად დაეხმარება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ფედერაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და მომავალ საერთაშორისო ტურნირებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„მინდა წარმატება გისურვოთ იმ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში, რომლებიც წელს გაიმართება. კერძოდ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში. ჩვენის მხრივ, შესაძლებლობის ფარგლებში, სრულ მხარდაჭერას და თანადგომას გიცხადებთ,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დედაქალაქში არსებული სპორტულ დარბაზებში სპორტსმენთა მომზადებაზე, სპორტკომპლექსების მშენებლობაზე და ძიუდოს ფედერაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. ფედერაციის პრეზიდენტმა თბილისის მუნიციპალიტეტს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და თანადგომისთვის.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შეხვედრები სპორტულ ფედერაციებთან კამპანიურ ხასიათს ატარებს და სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ და თბილისის ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები იგეგმება. შედეგად, ოლიმპიური წლის გათვალისწინებით, თანამშრომლობის გაღრმავება და ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი.