თბილისის საკრებულოში ძალოსნობის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს- ანტონ პლესნოის და კახი ასანიძეს, მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს, ასევე ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს და თბილისის ფედერაციის ხელმძღვანელს ნოდარ სირბილაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით შედგა და მას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და ამავე კომისიის წევრი ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, საკრებულოში ეროვნული და თბილისის ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები ხშირად იმართება.
,,აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ეს შეხვედრა უკვე მესამეა. თქვენი ფედერაცია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რაც, რა თქმა უნდა, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, პირადად პრეზიდენტის ბატონი კახი კახიაშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა. ძალოსნების ასეთი წარმატებები ხელს უწყობს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას’’,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე მიესალმა. გიორგი ტყემალაძემ მათ სპორტის ამ სახეობაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
,,დიდი მადლობა იმ წარმატებისთვის, რომლითაც ამ რთულ პერიოდში გააბედნიერეთ თქვენი გულშემატკივარი. თქვენთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია. მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ და დახმარება გაგიწიოთ’’,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრაზე კახი კახიშვილმა და ნოდარ სირბილაშვილმა დეპუტატებს ფედერაციაში არსებულ პრობლემები გააცნეს, დედაქალაქის მერიას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და საკრებულოსთან სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.
კომისიის ინიციატივით სამუშაო შეხვედრები პერიოდულად იმართება, რომლის მიზანი დედაქალაქში სპორტული მიმართულებით არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა, ასევე სპორტის განვითარების პროგრამების, მიზნებისა და ამოცანების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოსა და ფედერაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.