თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე ელენე კაპანაძე შვედეთის ქალაქ სკოვდეს ქალაქის საბჭოს დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, თბილისის საკრებულოს წევრებმა შვედ კოლეგებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
საუბარი ასევე მუნიციპალიტეტის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობას, სამუშაო პროცესის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეთა თანამონაწილეობას შეეხო. კერძოდ, ქეთევან ჯოხაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა შვედ კოლეგებს თბილისის საკრებულოს წევრების მოქალაქეებთან ინტენსიური შეხვედრებისა და მათთან ერთად ადგილობრივი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში თანამონაწილეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ასევე თბილისის საკრებულოსა და მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და ქალაქის მართვის საქმეში ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თბილისის საკრებულოს წევრები, თავის მხრივ, ქალაქ სკოვდეს ქალაქის საბჭოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
შეხვედრის დასასრულს, ქეთევან ჯოხაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა შვედ კოლეგებს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
საკრებულოში გამართულ შეხვედრას მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი თამთა დეისაძე ესწრებოდა.
ქალაქ სკოვდეს დელეგაცია, ქალაქის საბჭოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების შემადგენლობით, თბილისში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.