თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს თბილისის 2021 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოუდგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 45 450,1 ათასი ლარით იზრდება და 1 226 976,9 ათას ლარს შეადგენს.
სპორტისა და ახალგაზრდულობის მიმართულებით ცვლილება შეეხო სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ამასთანავე, მშენებლობას, რომელიც 5 00,0 ათასი ლარით შემცირდა, რაც სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განსახორციელებლად შემდეგ პროგრამებზე გადანაწილდა: სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია ქვეპროგრამის ასიგნება-200,0 ათასი ლარი, ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა 300,0 ათასი ლარით.
დღესვე, ცვლილება განხორციელდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესშიც.
როგორც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ განაცხადა, წარმოდგენილი პროექტით რამდენიმე ცვლილების შეტანა გამოწვეულია თბილისში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის, ქალთა სპორტის, პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასევე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გუნდების წახალისებისთვის.
აღნიშნული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.