თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით მოასპარეზე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მიღება გაიმართა. წარმატებულ სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა უმასპინძლეს.
ქართველ ძიუდოისტებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმა, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებები უსურვა.
„თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. თქვენი წარმატება საქართველოს წარმატებაა. სწორედ ამიტომ, დღევანდელი შეხვედრით, გვსურს, თქვენს მიმართ მადლიერება გამოვხატოთ და მომავალ ასპარეზობებზე წარმატებები გისურვოთ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქართველ ძიუდოისტებს მორიგი გამარჯვება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემაც მიულოცა და მათ ის პროექტები გააცნო, რომლებსაც თბილისის მერია სპორტის მხარდასაჭერად ახორციელებს.
„ჩვენ გვაქვს ტრადიცია, რომ წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ, დედაქალაქის საკრებულოში მივიღოთ, მათ მიმართ მადლიერება გამოვხატოთ და ის პროექტები გავაცნოთ, რომელსაც მათ მხარდასაჭერად დედაქალაქის მერია ახორციელებს, “- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს საკრებულოს დეპუტატებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.