თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - განათლებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილების ცვლილების თაობაზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესში გარკვეული შესწორებები შედის. როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, განსახილველი საკითხი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სფეროების და ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების ხელშეწყობასა და განვითარებაზე ორიენტირებულია.
„წარმოდგენილი ცვლილებით ჩვენი მიზანია პრაქტიკაში გამოვლენილი პროცედურული საკითხების საკანონმდებლო სრულყოფა, რითაც დოკუმენტი მეტად ჰარმონიზებულია. ის ტექნიკური თვალსაზრისით დახვეწილია და პრაქტიკაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებისა და გამოწვევების ერთგვაროვანი გზით მოწესრიგების საშუალებას წარმოადგენს“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ცვლილება ახალგაზრდული ჯგუფების დაფინანსების მეტად გამარტივებული სისტემის დაწესებას გულისხმობს.
,,მნიშვნელოვანია, რომ დადგენილებაში შესატანი ცვლილებით, ჩნდება საშუალება, აქამდე არსებული პრაქტიკა გამარტივდეს და სხვადასხვა სტუდენტური კლუბის, თვითმმართველობისა თუ არარეგისტრირებული იურიდიული პირისთვის 5000 ლარამდე დაფინანსება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ცვლილება ხორციელდება იმისთვის, რომ მათ ინიციატივებსა და ინოვაციებს მუნიციპალიტეტის მხრიდან სათანადო ხელშეწყობა ჰქონდეს“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სხდომას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, სსიპ „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის“, ფონდ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილისა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც დეპუტატებმა საკითხის საკრებულოს სხდომაზე წარდგენას კენჭი უყარეს.