თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ააიპ “მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” 2020 წლის ანგარიში და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ანგარიში სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ წარადგინა და პედაგოგებისა და აღსაზრდელებისთვის, პანდემიის პირობებში, უსაფრთხო სასაწავლო გარემოს შექმნის მიზნით, გადადგმულ ნაბიჯებზე, სასწავლო სივრცეების შესაბამის აღჭურვასა და დისტანციური სწავლების გაძლიერებაზე, მათ შორის, მოსწავლეთა რეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმის დანერგვის თაობაზე ისაუბრა.
თინათინ რუხაძის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ეროვნულმა სასახლემ 2020 წელს 150-მდე ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე წარმატებული პროექტიც დაასახელა, როგორიცაა საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ 2018 წელს დაარსდა. კინოფესტივალი საქართველოდან ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის (European Children's Film Association) ერთადერთი წევრი და ევროპული კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს“ ქართველი პარტნიორია.
თინათინ რუხაძემ დეპუტატებს ასევე, ინფორმაცია მიაწოდა იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელიც სასახლეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, უტარდება და პროცესი პანდემიის მიუხედავად არ შეფერხებულა. მისი თქმით, ეროვნული სასახლის მე-2 და მე-3 ნაწილის სრული რეაბილიტაცია დაწყებულია და სასახლის მთავარი შენობის გამაგრებითი გარე სამუშაოები მიმდინარეობს.
გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟმში მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგაც დეპუტატებმა წარმოდგენილი და განხილული ანგარიში ცნობის სახით მიიღეს.