თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ისრაელის ლიდერთა ცენტრ „ახალგაზრდა ელჩების“ სტუდენტებს შეხვდა. გიორგი ტყემალაძე სტუმრებს მიესალმა და ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობაზე ისაუბრა. მან ქართველებისა და ებრაელების განსაკუთრებულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და ებრაელ სტუდენტებს თბილისის საკრებულოს ფუნქციების და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„საქართველოს და ისრაელის, ქართველების და ებრაელების ურთიერთობა უნიკალური და განსაკუთრებულია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში თქვენი და ჩვენი ახალგაზრდობის მეშვეობით, ამ ურთიერთობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. სხვადასხვა მიმართულებით ისრაელის, როგორც წარმატებული და განვითარებული სახელმწიფოს გამოცდილება, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს წევრებმა თამარ ტალიაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და ლევან ჟორჟოლიანმა მუნიციპალიტეტის და წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ლიდერთა ცენტრის სტუდენტებს შეკითხვები საქართველოსა და თბილისში ებრაულ სათვისტომოსთან ურთიერთობაზე, ახალგაზრდულ და სოციალურ პროგრამებზე ჰქონდათ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სტუდენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მომავალი საქმიანობა საქართველო-ისრაელის ურთიერთობას კიდევ უფრო დააახლოებს.