დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დეპუტატებს დოკუმენტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარუდგინა და დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააცნო.
მისი განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა საერთო ჯამში 968 მილიონ 661.2 ათასი ლარით გაიზრდება, რაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასრულებისა და შემდგომში პროცედურების განსახორციელებლად და 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდიაციო ღონისძიებებისათვის საჭირო თანხებზე გადანაწილდება.
გარდა ამისა, აღნიშნული ცვლილებები შეეხება კომუნალური სუბსიდირების ქვეპროგრამას, რომლის თანახმად, ყველა აბონენტი სუბსიდიის სახით მიიღებს დახმარებას.
დაფინანსება ასევე გაეზრდებათ სხვადასხა სოციალური დახმარების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გარე განათების ქსელის ექსპოლატაციისა და რეაბილიტაციის, ქალაქგაფორმებითი, კეთილმოწყობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და სხვა სახის მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც.
ლევან თევზაიას თქმით, ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებები აგრეთვე გულისხმობს დაფინანსების ისეთი პროექტების მიმართულებით შემცირებას, რომელთა განხორციელებაც ზამთრის სეზონზე არ არის მიზანშეწონილი.
კერძოდ, შემცირდება გზების, საინჟინრო ნაგებობებისა და ზოგიერთი ობიექტების მშენებლობასა და აღდგენაზე გამოყოფილი თანხები.
გაერთიანებული კომისიების სხდომა, რომელსაც მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სხდომის დასასრულს, ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს კომისიურად ეყარა კენჭი და დადებითი რეკომენდაციით შეფასდა.