თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
წესის თანახმად, საქალაქო სამსახურში შესულ პროექტებს განიხილავს კომისია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ არის შექმნილი და რომლის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს დეპუტატებიც არიან.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომის თავმჯდომარემ ზაქარია კოლელიშვილმა დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამის „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ განხორციელების წესი, რომლის თანახმად, 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, უფლება აქვთ სრულიად უფასოდ ისწავლონ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და სასახლეში, ასევე ხელოვნების სკოლებში.
დეპუტატებმა სხდომაზე, ასევე იმსჯელეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის სასწავლო გეგმის შესახებ, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადებას 9 ძირითადი მიმართულებით. პროექტით ერთი წლის განმავლობაში 1500-მდე საჯარო მოხელე გადამზადდება.
რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცებას, აღნიშნული წესის დამტკიცებასთან დაკავშირებით საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ აღნიშნა, რომ ეს წესი განსაზღვრავს ახალგაზრდული ღონისძიებების მხარდაჭერას, ასევე ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტისა და პროფესიული და ზრდასრული განათლების განვითარების ხელშეწყობას. ზემოაღნიშნული წესი აგრეთვე განსაზღვრავს დაფინანსების მიმღებ სუბიექტებს, როგორიც არის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, საინვესტიციო ჯგუფები, სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული და ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, სსიპ-ები და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.
სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ასევე, ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებათა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.
შედეგად, კომისიის წევრებმა დეტალური პასუხები მიიღეს თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და წესის დამტკიცების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცეს.