თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან - ქეთევან ჯოხაძესთან ერთად, თბილისის ზღვის შემოვლითი გზისა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ინფრასტუქტურული პროექტების ფარგლებში განხორციელებული საგზაო სამუშაოები გიორგი ალიბეგაშვილთან და ქეთევან ჯოხაძესთან ერთად, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ომარ ფხაკაძემ და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ დაათვალიერეს.
შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი სიმბოლური ველორბოლით გაიხსნა. პროექტის მიხედვით, 12 კილომეტრიან მონაკვეთზე შეიცვალა საფუძველი, დაიგო ახალი ორფენიანი ასფალტ -ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელ საავტომობილო გზას.
„კიდევ ერთი ოლიმპიური ობიექტი შეემატა ჩვენს ოლიმპიურ ფესტივალს. თბილისი სერიოზულად მოემზადა ამ ღონისძიებისთვის, რომლის შემდეგაც ეს ინფრასტრუქტურა ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენს მომავალ სპორტსმენებს დარჩება. დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დრო, როდესაც თბილისის დიდ ოლიმპიურ ღონისძიებას უმასპინძლებს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.