თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დედაქალაქის მერიის, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და კომპანია „პსპ’’-ს მხარდაჭერით, ასევე ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, ,,ხელბურთის სასკოლო ლიგა 2023’’ ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.
„ხელბურთის სასკოლო ლიგა 2023“-ში თბილისის 28 საჯარო და კერძო სკოლის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობს, ხოლო პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ფინალურ მატჩებს თბილისის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის, კომპანია „პსპ’’-ს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ტურნირის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გივი ჩხარტიშვილმა, ასევე საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა მიმართეს.
გამომსვლელებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს, სასკოლო ლიგა დააფუძნა. ტურნირები სასკოლო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას და ერთიანი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებას ემსახურება და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, დღემდე, წარმატებით ხორციელდება.