თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დღეს მინი-ფეხბურთის უწყებათაშორისი ტურნირის ფინალური მატჩი ჩატარდა.
მერიის სპორტული ცენტრის ,,იმედის“ მინი-ფეხბურთის სტადიონზე გამართულ თამაშს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
როგორც კომისიის თავმჯომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, კომისიის ინიციატივით შეიქმნა ბაზა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ უწყებებში დასაქმებული პირების სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვას ემსახურება.
„ამჯერად, ფინალში ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის გუნდები შეხვდნენ. დღეს, მათ საგულშემატკივროდ შევიკრიბეთ; მგონია, რომ მსგავსი აქტივობები ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელს საგრძნობლად შეუწყობს“ - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, მერიისა და საკრებულოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების მსგავსად, სპორტის მიმართულებით, ტურნირის სახით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.