თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გასვლითი სხდომა დიდ დიღომში გაიმართა, სადაც მულტიფუნქციურ-საზოგადოებრივი (სპორტული) ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
კომისიების თავმჯდომარეებთან, გიორგი ჩაკვეტაძესა და თამარ ტალიაშვილთან ერთად, სამუშაოები, ასევე, საკრებულოს სხვა დეპუტატებმა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წევრებმაც დაათვალიერეს.
გასვლითი სხდომის ფარგლებში კომისიების წევრებმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშიც მოისმინეს, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს შეეხება.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტი საქართველოსა და სრულიად რეგიონისთვისაც უპრეცედენტო შინაარსისა და მასშტაბების მქონეა.
,,ცენტრი, რომლის მშენებლობის პროცესის დასათვალიერებლადაც, დღეს აქ ვიმყოფებით, დიდი დიღმისა და მთლიანად დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის უამრავ კარგ სიახლეს შემოიტანს. ეს იქნება სივრცე, რომელიც არაერთ საინტერესო მიმართულებას გააერთიანებს, მოერგება საზოგადოების საჭიროებებს და სპორტისა თუ კულტურის მიმართულებით ახალგაზრდების შესაძლებლობების გაღრმავებას მოემსახურება,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
საზოგადოებრივ ცენტრში ფეხბურთისა და კალათბურთის სპორტული, ასევე ტანვარჯიშის, სპორტული ორთაბრძოლების, ძიუდოს, კრივის, კარატესა და ჭიდაობის დარბაზები, ტრენაჟორების სივრცე და ფიტნეს სექცია, ორი საცურაო აუზი, საუნა, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სახელოვნებოს სკოლა, ბოულინგი და სამაგიდო თამაშებისთვის განკუთვნილი ზონაც მოეწყობა.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, თბილისის მერიისა და საკრებულოს გუნდის წინაშე ყოველთვის დგას ამოცანა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გასწიოს და სწორედ ამ კუთხით, მულტიფუნქციურ-საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია.
,,მსგავსი კონცეფციის მქონე მულტიფუნქციური ცენტრები საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ადრეული ასაკიდანვე აიღონ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მასში მოქცეული აქტივობების შესახებ სწორი კურსი. აქ ისინი შეძლებენ, წარმატებას უამრავი მიმართულებით მიაღწიონ, სპორტული თუ სახელოვნებო მიღწევების გარდა, უმთავრესია, რომ ისინი ცენტრში ჯანსაღ, პროგრესულ თაობებად აღიზრდებიან,“- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
მულტიფუნქციურ-საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება, ასევე, მსგავსი ობიექტის მშენებლობა ვარკეთილშიც მიმდინარეობს.