არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჰელფინგ ჰენდი'' თხოვნით, დედაქალაქის საკრებულოს სამი კომისიის, კერძოდ: განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიების თავმჯდომარეები პროექტის - ,,მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევის საპასუხოდ’’ ფარგლებში, თბილისის კლუბის 25 ლიდერს შეხვდნენ.
აღნიშნული პროექტი, რომლის მიზანი ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობით როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, სადაც მოზარდებმა ახალგაზრდული კლუბები დააფუძნეს.
სტუმრებს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მიმართა.
გიორგი ჩაკვეტაძემ მოზარდებს დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა და ამასთანავე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პრიორიტეტებზე, ასევე განსახორციელებელი და უკვე განხორციელებული პროექტების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
კლუბის წევრებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა,ასევე განათლებისა და კულტურის კომისიების თავმჯდომარეებმაც მიმართეს.
ზურაბ ჩიკვილაძემ შეხვედრაზე ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამების შესახებ, მათ შორის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის შინაარსის შეცვლაზე და თვრამეტი წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციართათვის სერვისების შექმნასა და მიწოდებაზე, ასევე დაავადებათა სკრინინგისა და ძუძუს კიბოს მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის თაობაზე ისაუბრა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ მოზარდებს ამავე კომისიის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, რომელიც გულისხმობს ბიბლიოთეკების და მედიათეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლის, ასევე თბილისის მუზეუმების გაერთიანების, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობას, ამასთანავე, მოიცავს სკოლების სახელდებასა და პარტნიორ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების პროცესს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც კომისიების თავმჯდომარეებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
დღესვე, მოსწავლეებმა დედაქალაქის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და ამასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრას საკრებულოს წევრები: ანა კაკაბაძე, მარიამ ზაქარიაშვილი, გურამ ოქროპირიძე და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.