დედაქალაქის მინიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე მოქალაქე ლიანა პაიჭაძის განცხადება განიხილეს, რომელშიც შპს ,,დინამო არენასა’’ და მოიჯარეს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად, ოჯახი გამონაკლისის სახით მათთვის ფართის შენარჩუნებას ითხოვს.
კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ ალტერნატიული ფართის მოძიების თხოვნით შპს ,,დინამო არენას’’ წარმომადგენლებს მიმართა და ამასთან, საკითხის დროულად მოგვარების იმედი გამოთქვა.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის შესახებაც იმსჯელეს.
საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოუდგინეს.
დეპუტატებმა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და ასევე შერეულ ორთაბრძოლებში M-1-ს მსოფლიო ჩემპიონატის რიგით 55-ე ეტაპის დაფინანსების ბიუროს სხდომაზე გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
აღნიშნული ტურნირი ქართველი სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ხსოვნას ეძღვნება და მასში მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპორტსმენები მიიღებენ.