თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე საკრებულოს წევრებთან ერთად სამგორის რაიონში, ვარკეთილში, მდებარე მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
გასვლითი შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით გაიმართა. საკრებულოს წევრებს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისა და სამომავლო ფუნქციონირების შესახებ სპეციფიკა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გააცნო.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, აღნიშნა, კომისია მშენებარე სპორტული ობიექტების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
„დღეს სამგორის რაიონში მდებარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროცესს გავეცანით, რომლის დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება. აქ განთავსდება სხვადასხვა ტიპის სპორტული ცენტრები, კომპლექსები, ბიბლიოთეკები, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ეს არის იმ დიდი პროგრამის ნაწილი, რომელიც თბილისის ყველა რაიონში ეტაპობრივად შემოგვთავაზებს მსგავს მულტიფუნქციურ ცენტრებს, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით და მიიღოს წვდომა განათლებისა და კულტურის სფეროს რესურსებზე“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის სპორტული დარბაზები, ტანვარჯიშის დარბაზი, სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, ძიუდოს, კარატეს, ჭიდაობის და კრივის სექციები, ტრენაჟორების სივრცე და ფიტნეს დარბაზი, ორი საცურაო აუზი (დიდი და პატარა), საუნა, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, ბოულინგი და სივრცე სამაგიდო თამაშებისთვის.
სამგორის რაიონში მდებარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.