თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გურამ ოქროპირიძე, ამავე კომისიის წევრთან, ვლადიმერ ბოჟაძესთან და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის, Stopmotion Studio-ს ფარგლებში გაწეულ და მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.
პროექტის სოციალური მიზანია პირველი სტოპმოუშენ ანიმაციური სტუდიის ჩამოყალიბება. სტუდია დაკომპლექტდა ახალგაზრდა ხელოვანებით, რომლებიც ეუფლებიან პროფესიას და შემდგომში დამოუკიდებლად გააგრძელებენ სტოპმოუშენ ანიმაციური ფილმების წარმოებას.
„დღეს ვნახეთ, თუ როგორ იქმნება ანიმაცია და რამხელა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. პროექტის განხორციელებაში ბევრი საინტერესო ადამიანია ჩართული და ქმნიან არაჩვეულებრივ გარემოს. მინდა წარმატება ვუსურვო სტოპმოუშენ სტუდიას. სამომავლოდ თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება, “- აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.
პროგრამა „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობა“ 2022 წელს თბილისის მერიის ინიციატივით შემუშავდა, ამოქმედდა და ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ერთის მხრივ სოციალური, მეორეს მხრივ ეკონომიკური მიზანი ექნება , მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ- ეკონომიკურ გაძლიერებას.