თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ და საკრებულოს წევრმა, მარიამ ზაქარიაშვილმა, საერთაშორისო მოხალისეობრივი ორგანიზაცია ერასმუსის ESN წევრი ქვეყნის, აზერბაიჯანის, წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და მოხალისეების სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანია აზერბაიჯანელი ახალგაზრდების გაძლიერება საერთაშორისო დონეზე, მათთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და აზერბაიჯანულ და ქართულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დამყარება.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა სტუმრებს თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და განხორციელებულ თუ დაგეგმილ მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. გურამ ოქროპირიძემ თვითმმართველობის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე ისაუბრა და აზერბაიჯანელ სტუმრებს დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ერასმუსის სტუდენტური ქსელი მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც 41 ქვეყანაში 530-ზე მეტი სექციითაა წარმოდგენილი. ორგანიზაციის მთავარი მისია საერთაშორისო სტუდენტების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა პრინციპით „სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს“, აგრეთვე „ერასმუს პლიუსის“ აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქართველი სტუდენტების ხელშეწყობა საერთაშორისო მობილობაში.