თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხმა ეროვნულმა ფედერაციამ - „საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია“, „საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია“, „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია“ და „საქართველოს რაგბის კავშირი“ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების და „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა განახორციელა.
გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა 200-მდე მწვრთნელმა მიიღო. პროგრამა 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2024 წლის იანვარში დასრულდა. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები თანამედროვე ტენდენციებს გაეცნენ შესაბამის სახეობებში. გადამზადება საერთაშორისო სპეციალისტებმა განახორციელეს.
დღეს პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებისათვის სერტიფიკატების გადაეცემა გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, მიმართა და „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ხელს შეუწყობს შესაბამის სახეობებში დასაქმებულ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც აუცილებელია ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში.
„მწვრთნელები გაეცნენ იმ სიახლეებს, რომლებიც პერიოდულად ინერგება სპორტის შესაბამის სახეობებში. ვიმედოვნებ, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა უფრო გაიზრდება და უფრო მეტი მწვრთნელი შეძლებს კვალიფიკაციის ამაღლებას“, - აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.
ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ფედერაციების ხელმძღვანელები და პროგრამაში მონაწილე მწვრთნელები ესწრებოდნენ.