თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ ამავე კომისიის წევრთან ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად ,,თბილისის ჭადრაკის სასკოლო ლიგის’’ საფინალო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.
გურამ ოქროპირიძემ დედაქალაქის საჯარო სკოლების გამარჯვებულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
"გრძელდება სასკოლო ლიგის პროექტი, რომელიც თბილისის საკრებულოს აქტიური მხარდაჭერითა და ინიციატივით ხორციელდება.
დღეს გამოვავლინეთ ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებულები. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. მომავალში კი პროექტი კიდევ უფრო სხვა მასშტაბებს შეიძენს. მინდა თვითოეულ მათგანს მივულოცო გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო",-განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
თბილისის ჭადრაკის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებული ვაჟთა კატეგორიაში და I ადგილის მფლობელი 182-ე სკოლის მოსწავლე გიორგი ბექაური გახდა, II ადგილი 145-ე სკოლის მოსწავლეს ხვიჩა ბერიკაშვილს ერგო, ხოლო III ადგილი კი 199-ე სკოლის მოსწავლემ საბა ციბაძემ დაიკავა.
გოგონათა შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი 192-ე სკოლის მოსწავლეს ანასტასია ქოქიაშვილს ერგო, II ადგილი სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლემ ნუცა მთვარელიძემ დაიკავა, ხოლო III ადგილის მფლობელი კი 180-ე სკოლის მოსწავლე მარიამ კოპტონაშვილი გახდა.
გუნდურ შეჯიბრებებში გამარჯვება ასე გადანაწილდა: I ადგილი 199-ე სკოლა, II ადგილი 182-ე სკოლა, III ადგილი კი 145-ე სკოლა.
,,თბილისის ჭადრაკის სასკოლო ლიგის’’ საფინალო ღონისძიებასა და დაჯილდოებას საკრებულოსა და მერიის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
2023-2024 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართება და მასში 500-მდე სკოლის 12 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.