ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, საზოგადოებას საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას.
გურამ ოქროპირიძემ საკრებულოში დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სხდომებში სატრანსპორტო, ქონების მართვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების და გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის თაობაზე.
სატრანსპორტო მიმართულებით მუნიციპალიტეტმა შეიძინა 18-მეტრიანი ავტობუსები, დაიხაზე 10-კილომეტრამდე ველობილიკი, დასრულდა მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია, ასევე მიმდინარეობს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქცია, EBRD გრანტის ფარგლებშიც 2023-2029 წლებში დაგეგმილია 12 მეტროსადგურის სრული განახლება-რეაბილიტაცია.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო მუშაობის მიმართულებით გრძელდება საცხოვრებელი ფართების დაკანონების, კოოპერაციული და დაუსრულებელი ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დახმარების პროგრამები. რამდენიმე ასეულ ოჯახს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფლობდნენ და სარგებლობდნენ უძრავი ქონებით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად, გადაეცა შესაბამისი ქონება (საცხოვრებელი ფართი).
გურამ ოქროპირიძემ დეტალურად ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ. მისივე თქმით, კომისიამ მხარი დაუჭირა არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რამაც ხელი შეუწყო დედაქალაქში სპორტის განვითარებას და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებას.
გურამ ოქროპირიძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაემატა, როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით, მათ შორის: დაიწყო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ სპორტულ ცენტრებში სპორტული მედიცინის დანერგვის საპილოტე პროგრამა, ასევე გრძელდება პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“.
თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და სხვადასხვა სახეობის განვითარების მიზნით უძრავი ქონება გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში, ვაზისუბანში და ვარკეთილის მეურნეობაში. ქ. თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N49-ში, არსებული 19 226 კვ. მ მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა რაგბის კავშირს სპორტული დანიშნულებით და ტერიტორიაზე სპორტული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2007 წელს გასხვისდა, იყო კერძო საკუთრება, რომელიც მოლაპარაკების შედეგად დედაქალაქის მერიამ უკან დაიბრუნა. მუნიციპალიტეტს არაერთი ასეთი პროექტი განუხორციელებია, როდესაც კონკრეტული სპორტული ინფრასტრუქტურა გასხვისებული იყო. რაგბის კავშირს ამავე ვალდებულებით ასევე გადაეცა უძრავი ქონება ვაზისუბანსა და ვარკეთილის მეურნეობაში. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით 2 წლის ვადით გურამიშვილის გამზირზე ქონება გადაეცა ა(ა)ი.პ „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას“ ფეხბურთის მოედნის მოწყობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით, ხოლო ჭავჭავაძის I ჩიხი, მზიურის პარკის მიმდებარე უძრავი ქონება გადაეცა ა(ა)იპ „7X7 ფეხბურთის ასოციაციას“.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია სისტემატურად ახორციელებს სამუშაო შეხვედრებს სპორტულ, ახალგაზრდულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორისაა პროექტი ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“, რომლის ფარგლებშიც, საკრებულოში ვმასპინძლობთ სხვადასხვა სპორტის სახეობაში მაღალი მიღწევების მქონე სპორტსმენებს.
კომისიის თავმჯდომარემ საკითხით დაინტერესებულ პირებს ასევე კომისიის ინიციატივებზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ 2019 წელს დაიწყო და გაზრდილი მასშტაბით წარმატებით გრძელდება პროექტი ,,სასკოლო ლიგა“. პროექტი სპორტის 10 სახეობას მოიცავს და თბილისის გარდა, ქვემო ქართლის და ბათუმის 350 სკოლის 5 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული საერთო ჯამში.
„სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ფარგლებში მონიტორინგი გაეწია სხვადასხვა მშენებარე ობიექტს, მათ შორის ვარკეთილის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსსა და ასათიანის სპორტულ ცენტრს, ასევე მოვინახულეთ სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი ,,Stopmotion Studio“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
კომისიის თავმჯდომარემ გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის შესახებ მნიშვნელოვან ინიციატივებზეც ისაუბრა. 2023 წელს დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მის მიზნებს, ამოცანებსა და პრინციპებს.
ანგარიშის პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სპორტული ფედერაციების და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.