სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, კომისიის წევრებთან და გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ გრიგოლიასთან ერთად, „ააიპ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში” (გლდანის საცურაო აუზი) მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო.
საკრებულოს წარმომადგენლებს, სპორტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ფურცელაძემ საცურაო აუზი, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილი სავარჯიშო დარბაზები დაათვალიერებინა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ადგილობრივ თვითმმართველობას დაქვემდებარებული ყველა სპორტული და ახალგაზრდული ცენტრის დათვალიერებას განაგრძობს და ცენტრებში მიმდინარე სასწავლო პროცესებს ეცნობა. მონიტორინგის პროცესი ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრიდან დავიწყეთ. დღეს კი გლდანში საცურაო აუზი დავათვალიერეთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისივე თქმით, კომისია მონიტორინგს აუცილებლად მომავალშიც გააგრძელებს.
გლდანის საცურაო აუზის შენობა 2012 წლის აგვისტოში გაიხსნა და თვეში საშუალოდ 1500 ადამიანს ემსახურება.