თბილისის მერიამ ა(ა)იპ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ გამართა.
პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელი კახაბერ ლაბუჩიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებულოს წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით გიორგი ჩაკვეტაძემ მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,მინდა მადლობა გადავუხადო მერიის ყველა თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული ინიციატივის მომზადებაში. სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ამ მიმართულებით მოღვაწე თემატური ჯგუფებისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის საჭირო პროექტი მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
აღნიშნული პროგრამის მიზნებია: ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა; სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება; ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერა; ახალგაზრდული ჯგუფების და ახალგაზრდული ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება.
ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ახალგაზრდები იქნებიან. ერთი პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 30 000 ლარს. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ბიზნესისთვის საჭირო დანადგარების, ტექნიკის, სხვა მატერიალური-ტექნიკური საშუალებების და მასალების შეძენა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა სერვისები და საოპერაციო ხარჯები.
საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 10 მარტს და გაგრძელდება 30 მარტის ჩათვლით. (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შარტავას ქუჩა N7). პროგრამის შესახებ ინფორმაცია და განაცხადის ფორმები განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე - www.tbilisi.gov.ge