თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ საერთაშორისო პროგრამის პრეზენტაციაში სახელწოდებით -,,ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობა“, მონაწილეობა მიიღო.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მიერ მოპოვებული 147.520,56 ევროს გრანტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდება. მათ შორის ახალგაზრდული სერვისებისა და საჭიროებების კვლევა, ახალგაზრდული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა და სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განხორციელება.
,,საკრებულოს წევრები ხშირად აღვნიშნავდით, რომ ახალგაზრდული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა საჭიროა და მიხარია, რომ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა გრანტის მიღება და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. დღევანდელი დღე ახალგაზრდობისთვის უახლოეს მომავალში უამრავი საინტერესო ღონისძიების შექმნის გარანტია“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
პროექტი, რომელიც 2019 წლის მარტში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება. დაქვემდებარებული მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრების განვითარებას, დედაქალაქში ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობასა და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
ღონისძიებას თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ასევე განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.