თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად, პარასპორტსმენებს შორის მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობასა და მშვილდოსნობაში გამართულ ტურნირებს დაესწრო.
ღონისძიება თბილისის მერიისა და პარასპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ტურნირებში საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული პარასპორტსმენი ქალები მონაწილეობდნენ. საჩვენებელი მატჩი ჩაატარა საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმაც. ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს თბილისის მერიისგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
,,თბილისის საკრებულო და მერია პარასპორტის განვითარებისთვის ზრუნავს, რათა ეს მიმართულება უფრო წარმატებული გახდეს. ჩვენთვის დიდი პატივია აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა და ქალ სპორტსმენთა შეჯიბრებების წახალისება და სტიმულირება. პარასპორტის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.