თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია - ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით უთმელიძე დღეს საბურთალოს 60-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
საკრებულოს წევრები წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად მოსწავლეებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
,,კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ყველა იმ პროექტის ახალგაზრდობისთვის გაცნობაა, რომელიც თბილისის მასშტაბით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით ხორციელდება.
ჩვენ რაიონის მაჟორიტართან ერთად,,თეთრი ბარათების“ აქციაშიც ჩავერთეთ, რომელიც გაეროს ინიციატივით დაიწყო და მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული” - განცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მოსწავლეებს დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე, 2019 წლისთვის დაგეგმილი ფეხბურთის ჩემპიონატი დააანონსა, რომელიც მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მოსწავლეებს სკოლებს შორის შეჯიბრში ჩართვისკენ მოუწოდა.
საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით უთმელიძის თქმით, მსგავს ღონისძიებებს გარდაუვალი დადებითი რეზონანსი მოჰყვება.
,,აღნიშნული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ძალიან კარგი ინიციატივაა. ახალგაზრდა თაობასთან მუდმივი კონტაქტი და სპორტის პოპულარიზაცია ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და წარმატების საწინდარია. მჯერა, რომ მოსწავლეებსა და წარმატებულ სპორტსმენებს შორის გამართული მსგავსი შეხვედრები დიდ შედეგს გამოიღებს და არაერთი მოსწავლე სპორტს ცხოვრების წესად აირჩევს“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.
მაგიდის ჩოგბურთელებმა ლაშა ლომიამ და მარი კულუმბეგაშვილმა, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ და კალათბურთელებმა- გიორგი გუგეშაშვილმა და ნიკა ლოლიშვილმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
ღონისძიების დასასრულს, შეხვედრაში მონაწილეებმა სპორტსმენებთან ერთად სპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს.
შეხვედრას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.