თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მუსხელიშვილმა ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ვიტორია-გასტეისის (ბასკეთის რეგიონის დედაქალაქი) მერიაში შეხვედრები გამართეს. შეხვედრები გაიმართა ქალაქის მერთან და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან.
ვიტორია-გასტეისის მერ გორკა ურტარანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება. თბილისის საკრებულოს დელეგაციამ მერს მადლობა გადაუხადა პარტნიორობისთვის და მაისში თბილისში დაპატიჟა.
„ქალაქის მერმა ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები გაგვაცნო. კერძოდ, როგორ აშენდა 250 ათასიან ქალაქში 10-ზე მეტი მულტიფუნქციური სპორტული და სამოქალაქო ცენტრი და როგორ სთავაზობენ მოქალაქეებს სერვისის ერთიან სისტემას. მან ასევე ისაუბრა ქალაქში არსებულ გამოწვევებზე,“- განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ.
ტრანსპორტისა და სპორტის სამსახურებთან სამუშაო შეხვედრებზე დელეგაციის წევრები ქალაქში ამ მხრივ არსებულ მიღწევებს გაეცნენ. მხარეები შეთანხმდნენ მეთოდოლოგიისა და ინფორმაციის სისტემატური გაცვლის თაობაზე.
ბასკეთის რეგიონის ქალაქები ბილბაო და ვიტორია-გასტეისი თბილისისა და ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებია. ვიტორია-გასტეისი რამდენჯერმე არის დასახელებული ევროპის მწვანე დედაქალაქად და იგი ტრანსპორტის, ურბანული განვითარებისა და სპორტისადმი ინოვაციური მიდგომებითა და რეფორმებით გამოირჩევა.
დელეგაციამ ესპანეთში მუშაობა ამ შეხვედრებით დაასრულა.
ვიზიტის მიზანი იყო ესპანეთში არსებული სპორტული კომპლექსების მონახულება, მათი სამუშაო მეთოდოლოგიის გაცნობა და შემდგომ თბილისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობისა და ამუშავების პროცესში გამოცდილების გაზიარება.
ესპანეთში სამუშაო ვიზიტით თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და „ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ წარმომადგენელი ზაზა კვიციანიც იმყოფებოდნენ.