თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და ნაძალადევის (სანზონის) რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ხუჯაძემ სანზონაში რეაბილიტირებული მინი-სტადიონები დაათვალიერეს. საკრებულოს წევრებმა რაიონში დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებიც განიხილეს.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 650 მინი-სტადიონი ფიქსირდება, მათი კეთილმოწყობა კი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კუთხით არსებული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
,,დღეს ჩვენ, ოლქის მაჟორიტართან ერთად, ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ მინი-სტადიონები დავათვალიერეთ, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი. ამასთანავე, მოვინახულეთ ის შესაძლო ადგილები, რომლებიც ინფრასტრუქტურული ობიექტების ასაშენებლად განიხილება“ - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.
ნაძალადევის (სანზონის) რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე ხუჯაძის თქმით კი, პროექტების დაგეგმვა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. შესაბამისად, მათი მოთხოვნები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.
,,ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტები, რომლებიც წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, თანმიმდევრულად სრულდება”- განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ.