მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ფაბრიკაში“ ახალგაზრდული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, კომისიის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
პორტალის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პლატფორმის შექმნა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„მოხალისეობრივი საქმიანობის მართვის საჭიროება და მისი მნიშვნელობა 13-14 ივნისის მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა. პორტალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ახალგაზრდული ინიციატივების მართვაა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებს შეუძლიათ საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, ამიერიდან, ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობის კოორდინაცია, მათი გაერთიანება ერთ სივრცეში და დედაქალაქში არსებულ ახალგაზრდულ სერვისებში და პროექტებში ჩართულობის უზრუნველყოფა უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
პროექტი მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ ინიციატივით შემუშავდა, ხოლო პორტალი მერიის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ შეიქმნა.