სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტური ფესტივალის დასასრულს სპორტულ ტურნირებში გამარჯვებული უნივერსიტეტები დააჯილდოვა და სტუდენტებს მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
სტუდენტური ფესტივალი 2019, რომელშიც საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედმა 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50 000-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა დღეს დასრულდა. გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტულის მფლობელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა, რომელიც ქალაქის მერმა კახი კალაძემ დააჯილდოვა.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფესტივალის მიზანი სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება იყო.
10 დღის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში 20-მდე მასობრივი ღონისძიება ჩატარდა; ფესტივალი მოიცავდა საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებსაც.