საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოში არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმის ,,კანტის აკადემიის“ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა.
,,დღეს აკადემიის კურსდამთავრებულებს დედაქალაქში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კუთხით არსებული არაერთი პროგრამა, ასევე განხორციელებული პროექტები გავაცანით. ვისაუბრეთ ახალგაზრდული ფორუმის დაფუძნების მნიშვნელობაზე და კურსდამთავრებულების მხრიდან მასში ჩართულობის საინტერესო შესაძლებლობაზე “- აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს საკრებულოს სხვადასხვა კომისიის საქმიანობა და საკრებულოს, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, სამუშაო სპეციფიკა გააცნო. ახალგაზრდები ,,კანტის აკადემიის“ სტაჟირების ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, აქტიურად დაესწრებიან საკრებულოსა და ცალკეული კომისიის სხდომებს, ასევე ჩაერთვებიან საკრებულოს სხვადასხვა აქტივობაში.
,,კანტის აკადემია“ საქართველოში პირველი არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორის როლში, მოზარდებს სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობაზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.