თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ საერთაშორისო პროექტის “UPGRADE” დასრულებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა.
კონფერენცია ევროკავშირის პროგრამის „ერასმუს +“-ის მხარდაჭერით განხორციელდა და თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით იმართება. კონფერენცია პროექტის აქტივობების მიმოხილვას და შედეგების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.
ღონისძიება თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ გახსნა. კონფერენციას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, პროექტის მონაწილეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება, ქართველ მონაწილეებს პარტნიორი ქვეყნების - შვედეთის, ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის წარმომადგენელი ორგანიზაციები დისტანციურად ერთვებიან.
ორწლიანი პროექტი “UPGRADE” 5 ქვეყნის - შვედეთის, ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს სექტორთაშორისი თანამშრომლობით, საერთაშორისო და ადგილობრივ როგორც საჯარო, მუნიციპალურ, ასევე კერძო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით განხორციელდა.
პროექტის ეგიდით განხორციელებულ გაცვლით პროგრამებში 100 ახალგაზრდა ჩაერთო, პარტნიორი ქვეყნების წამყვან ახალგაზრდულ ცენტრებში 50-მდე ახალგაზრდული მუშაკი და ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომელი გადამზადდა.