თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, კომისიის წევრთან ვლადიმერ ბოჟაძესთან და დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან ირაკლი გვილავასთან ერთად, ა(ა)იპ ,,ფეხბურთის სპორტული ცენტრი იმედი"-ს სტრუქტურული ერთეულის, მზიურის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მონიტორინგის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დეტალურად შეისწავლეს.
„თბილისის მერიის საქალაქო სამსახური მზიურის პარკის მიმდებარედ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს ამ უბნის მცხოვრებთათვის მიცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო და სპორტული მოედანი აქ ძალიან მალე მოეწყობა. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია რჩება, რომლის ფარგლებშიც თბილისის საქალაქო სამსახური და რაიონული გამგეობები დედაქალაქის რაიონებში სხვადასხვა სპორტულ სივრცეებს აწყობენ.
მომდევნო წლების განმავლობაში როგორც სპორტული ცენტრების ისე ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა აქტიურად გაგრძელდება. მზიურის პარკის მიმდებარედ ამ საფეხბურთო მოედნის მოწყობით კი ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მოედნის საფარი, რომლის მონაცემები FIFA-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება და წარმოდგენილი იქნება მოქმედი FIFA-ს ხარისხის სერთიფიკატი.
ასევე მიმდინარეობს გასახდელების მშენებლობა-მოწყობა და საფეხბურთო მოედნის განათების დამონტაჟება. მზიურის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასრულდება.