თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრა გამართა და მათ სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები წარუდგინა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე ესწრებოდნენ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მიმდინარე წელს დიდ დიღომსა და ვარკეთილში ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, წყნეთსა და ლილოში კი საჭიდაო დარბაზები აშენდება, ასევე ჩოგბურთის ორი მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
„მსგავსი ფორმატის შეხვედრების მიზანი მაჟორიტართა ინიციატივების აღრიცხვა და სხვადასხვა უწყებასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაა. ის პროექტები, რომლებსაც გამგეობები ახორციელებენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2019 წლის თბილისის ბიუჯეტი კი სწორედ მათ ინტერესებზეა მორგებული“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისივე თქმით, მაჟორიტარებთან მსგავს შეხვედრებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ყოველწლიურად ატარებს, რის შედეგადაც იმ რეკომენდაციებზე ხდება რეაგირება, რომლებიც დეპუტატებს აქვთ.
დღევანდელ შეხვედრაზე, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, თავიანთი ოლქების საჭიროებებიდან გამომდინარე, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
შეხვედრას, თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.