საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენას თბილისის მერიის, რაიონული გამგეობების, სპორტული ფედერაციების, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
გიორგი ჩაკვეტაძემ მე-6 მოწვევის საკრებულოში მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენაზე, ისტორიული ნაწილისა და გზების რეაბილიტაციასა და ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა.
დეპუტატმა მისი, როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მიერ განხორციელებული ინიციატივებზეც ისაუბრა, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის და რეგიონული შეხვედრის, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან , მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებთან, სპორტულ ფედერაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაიონულ გამგეობებთან გამართულ პერმანენტულ შეხვედრებზე, მიმდინარე სპორტული ობიექტების მშენებლობაზე და პროექტირების მონიტორინგსა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, 19 სხდომა ჩაატარა, რომელზეც 55 საკითხი განიხილეს და 16 დასკვნა მომზადდა.
გარდა ამისა, იგი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მოქალაქეთა მიღებას. აღნიშნულ პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძე 180-მდე მოქალაქეს შეხვდა.
ანგარიშის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და მზადყოფნა გამოხატა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან.