თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ 175-ე საჯარო სკოლის პედაგოგი და რაგბის მსაჯი ნინო ელოშვილი მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ნინო ელოშვილი ერთადერთი მსაჯი ქალია რაგბიში, რომელსაც ეროვნული კატეგორიის მსაჯის სტატუსი აქვს.
„ მიხარია, რომ ქალბატონმა ნინომ ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია. საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია მაქსიმალურადაა ჩართული ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესებში. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ, ქართველი სპორტსმენების შრომის დაფასებაა“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიება ქალთა დღეების ფარგლებში გაიმართა. გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ქეთევან ჯოხაძის თქმით, ნინო ელოშვილის წარმატებული კარიერა სტიმულია ყველა ქალბატონისთვის.
,, ქალისთვის არ არსებობს დაუძლეველი პროფესია, არსებობს მხოლოდ მიზანი. ქალბატონი ნინო ამსხვრევს სტერეოტიპებს და დღევანდელი დღე სწორედ ამის საუკეთესო მაგალითია“- განაცხადა გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ საკრებულოს წევრები 175-ე სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრნენ. მათ თბილისის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.