სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ,,მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის’’ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ორგანიზებული გლობალური ასამბლეის პანელზე სიტყვით გამოვიდა.
რიგით მეათე ასამბლეა ელექტრონულად გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპასა და აზიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონის გამოწვევებსა და თანამედროვე მმართველობის ინიციატივებზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ საქართველოში პოსტ-საბჭოთა პერიოდი მიმოიხილა. მან დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას და იმ გამოწვევებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ დგას. აღინიშნა ოკუპაციის კუთხით არსებულ ვითარებასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესის მნიშვნელობაც.
პანელზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მონაწილეებმა პოლიტიკური ინსტიტუტების გაჯანსაღების კუთხით, მთავრობების ანგარიშვალდებულება განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო მოქალაქეზე ორიენტირებულ სერვისებს, მმართველობის დეცენტრალიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლას.
,,მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის’’ არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც 1999 წლიდან სამოქალაქო აქტივისტებს, მკვლევარებს, პარლამენტარებს, ჟურნალისტებსა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს აერთიანებს. პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, ქსელის ინიციატივით გლობალური ასამბლეა წელს ელექტრონულად იმართება. ასამბლეის აქტივობები მიმდინარე წლის ივლისამდე გაგრძელდება.